blog

 
აი... აი, სახლი, აი, სახლი ჩვენი, რომელსაც ვაშენებთ...
აი, ლურჯ-ყვითელი ბრეზენტები, არასაიმედო ფაქტურით, ნატყვიარებივით ნახვრეტებით... მაგრამ
მაინც შეკრული, სახლივით... აი, ზოგან ლანდშაფტი, რომელიც კედელს ასრულებს...
აი, რკინის კონსტრუქციები, ჟანგიანი, მაგრამ ალაგ-ალაგ შეფუთული რძისფერი ქაღალდით...
აი, ინტერიერი, დაფუტუროებული მაგიდებით, მაგრამ სახელდახელო გადასაფარებლებით და მზის
ფერით სავსე...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც ყველა თანაბრად ვჩანვართ და დაუღალავად ვსწავლობთ ერთმანეთის
ენასაც და დროის ენასაც...
აი, სახლი ჩვენი, რომელიც არ იყიდება კომფორტზე, არც გაზზე, არც დენზე...
აი, სახლი ჩვენი, რომლის ლურჯ-ყვითელ, ნატყვიარებივით დახვრეტილ ბრეზენტის, მზით
გახურებულ კედლებში ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ პეპლები და მწერები...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც ერთად ცხოვრობენ კაცი და ძაღლი, კაცი და ყვავი, კაცი და ხბო... და ჩვენს სახლში არავის აქვს უფლება, ხელოვნური ხმაურით გული გაუხეთქოს მათ...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც კაცთან ერთად ცხოვრობს ძაღლიც და ძაღლს აქვს უფლება, დღეში თუნდაც 11 სახეობის პრეპარატი მიიღოს... არც მეტი, არც ნაკლები, 23-გრამიანი ულუფებით იკვებოს, თუ მის ფიზიონომიას და ბიორიტმიკას ასე სჭირდება...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც „ბატონების იავნანას“ მღერიან, თუმცა კი არ მღერიან, კვნესიან შიშით და ალერსით, ამ კვნესაში ბორჯღალიც არის, ნალიც, ნახშირის ჯვრებიც და თმაში ჩაწებებული სანთლებიც... ბოლომდე აუხსნელი, მაგრამ საკრალური და ტკბილი სახლი და ნამღერი ჩვენი...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც მზის და მიწის, რძის და თაფლის, ზოგჯერ ბადაგის, ოღონდ დასავლეთის მომჟავო, ციცქა-ცოლიკაურის ბადაგის სურნელი დგას...
აი, სახლი ჩვენი, რომელშიც ყოველთვის ჰყვებიან ერთ ახალგაზრდა, ტანითაც და ბუნებითაც მაღალ კაცზე, რომელსაც აუცილებლად დახვრეტენ და მას დახვრეტისას თან ექნება მხოლოდ სავარცხელი, ფურცლის ნაგლეჯი, ნამლევი ფანქარი და ლექსიკონი – მთელი თავისი ქონება...
აი, სახლი, აი სახლი ჩვენი, რომლის მისამართია ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩა...
აი, სახლი ჩვენი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქუჩიდან, როგორი სიშორიდან მოდიხარ... ჩვენს სახლს ბენიამინ ჩხიკვიშვილის ქუჩაზე მარტივად იცნობ, მას ამ სამყაროში ყველაზე ძვირფასი საწერი მასალით – სისხლით აწერია ის, რისი თქმაც უხერხულია, რადგან ის მთავარია! მთავარზე,
საკრალურზე კი არ საუბრობენ!
აი... აი, სახლი, აი, სახლი ჩვენი, რომელსაც ჯერ ისევ ვაშენებთ...
P. S. თავისი პარადოქსული სახლიდან ისმის შოთა იათაშვილის გასაგიჟებლად გულუბრყვილო ხმა:
„აი, აი, სახლი ჩემი“...
 
ესმა მანია
30. 09. 2022

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად