blog

რა უცნაურია, რომ მიწის, ორმოს, სამარხის სურნელი აქვს ამქვეყნად ყველაზე არამატერიალურს, ყველაზე ფაქიზს და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას!
კინოფილმ „მონანიების“ ყელამდე მიწაში ჩაფლული პერსონაჟების კადრი სხვადასხვა დროსა და გარემოში სემინარის პროგრამის ბევრის მთქმელ და მნახველ ყდაზე დღეს უკანასკნელ, მაგრამ ყველაზე საიმედო და გადამწყვეტ იმედზე მიუთითებდა!
...და რას ამბობდა ჩვენი პროგრამა, თუ არა იმას, რომ:
მიწაში ყელამდე თავის ჩაფვლა მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც წყალზე გავლის გამოცდილება აქვს!
ვისაც კაცთმოძულეობის ბეწვის ხიდებზე უმძაფრესი ბალანსით უვლია!
ვინც შემგუებლობის და ნიჰილიზმის გაუსაძლის ლეშს დაუტანჯავს!
ვისაც თუნდაც ერთხელ მწარედ გახელილი თვალებით აღმოხდენია, რომ ბოლოს და ბოლოს ხელოვნებას არაფრის შეცვალა არ შეუძლია და ვისაც ამგვარი პარადოქსული სიმწარეებით გადაურჩენია საპირისპირო სათქმელი!
ვისაც უძველესი ინდური საკრალური ტექსტების მუსიკალობაში ფსალმუნის მუსიკა ამოუკითხავს!
ვისაც ცოტნე ზედგინიძის დაბადებაში ღმერთი უპოვია და მისი იმპროვიზაციის კვალდაკვალ ბგერა-ბგერა უშენებია უშენებელი და ხელთუქმნელი!
ვინც დიდი სულიერი გამოცდილებით მისულა დასკვნამდე, რომ ცნობიერებას მრავლობითი რიცხვი არ აქვს!
ვისაც საკუთარი (სწორედ საკუთარი) ტანჯვიდან სიხარულის ყვავილების ამოზრდის გამოცდილება აქვს!
ვინც კარგად იცის, რომ უხერხულია მთავარზე საუბარი და ვინც ყველაფერზე უკეთ საკუთარი თავის დამარხვით საუბრობს მასზე!
რა უცნაურია, რომ მიწის, ორმოს, სამარხის სურნელი აქვს ამქვეყნად ყველაზე არამატერიალურს, ყველაზე ფაქიზს და ყველაზე მთავარს – თავისუფლებას!
სემინარის პროგრამის ყდა სხვა არაფერზე მიანიშნებდა, თუ არა კულმინაციაზე, თითქმის ყოველთვის სამარხებით რომ იწყება!
სემინარი, ბორჯომი, 15-17 თებერვალი და ჩვენ, მიწაში ყელამდე ჩაფლულები – ამ დიდ კულმინაციურ მეტაფორაში ნამყოფები!
 
ესმა მანია
24.02.2023

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად