blog

ეს ჩვენი სახლია, ვირტუალური სახლი, ჩვენი სახლი, სადაც ყველაფერი იყო...
ამ სახლში ისევ საუბრობენ ჩვენს გზებზე, ჩვენს ხედვებზე, ჩვენს მეხსიერებასა და ჩვენგან დავიწყებულზე... საუბრობენ ევროპელი მეგობრები, გულშემატკივრები... ვსაუბრობთ ჩვენ, ძველი თუ ახალი ისტორიებით, დისკუსიებით, რეფლექსიებით, მრგვალი მაგიდებით, ყავით ხელში, ჩაით ხელში, მძიმე და გაუვალი ნისლების ქვეშ, უცებ თავსდამტყდარი წვიმის ქვეშ... ვსაუბრობთ ბახმაროს შემოუღობავ და შემოუჯარავ ეზოებში, საყოველთაო ეზოებში, ბუხრის პირას, ღუმელის ირგვლივ, ფიჭის სურნელში, რძის სურნელში, კვამლის სურნელში, მიწის სურნელში... ვსაუბრობთ გმირებით, კიდევ უფრო დიდი გმირებით... მაგალითებით, უფრო დიდი მაგალითებით... ტექნოლოგიებით, რუკებით, ატლასებით... ვივსებით ზამთრის პირის და ჩამქრალი ნათურების სევდით, სულ სხვანაირი დაისებით და მზის ჩასვლებით, ფილმებით, ფილმებით, ფილმებით, ახლებით თუ ძველებით, მუსიკით, მოდელირებულით თუ ავთენტურით, აფხაზური თუ თუშური სევდის მუსიკით... ვივსებით ერთმანეთით... ვივსებით ამ პატარა ბახმაროდან მსოფლიო მოვლენების თანდასწრების დიდი მოტივაციით და სურვილით, რაც მთავარია, უკომპრომისო და ჯიუტი იდეებით, ჯიუტი საზრისებით...
იყო ყველაფერი ამ სახლში, მაგრამ იყო ყველაზე მთავარი – უმისობა!
სახლი მაშინაა ნამდვილი, როცა შეუძლია უჩვენობით იყოს სავსე!
...და ამ ნამდვილ სახლში პირველად არ იყო ერთი მასპინძელი და მისი არყოფნით იყო სავსე ყველაფერი...
ანრი... არც ერთი ზედმეტი სიტყვა, არც ერთი ზედმეტი ემოცია, არც ერთი ზედმეტი გამოსახულება... მხოლოდ ხელები, სემინარის პროგრამის ყდაზე მისი ხელები...
იყო სიხარული, იყო სილაღე, იყო მზე, იყო ყვავილები, მაგრამ მაინც დაისს ჰგავდა ეს სემინარი, უმისობით სავსე სემინარი!
 
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 14-17 სექტემბერი, 2023, ბახმარო
ესმა მანია

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად