blog

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 5-6 მაისი... გარეთ დაგვიანებული გაზაფხულის ნატიფი, ნოტიო სიმწვანეა, ფონურ ლაიტმოტივად ზვიად ბოლქვაძის სახასიათო ხმა იმ გულუბრყვილო სიხარულს ნატრობს, რომ გაწერინებს ლექსებს მთვარეზე... მიუხედავად ამისა, მძიმედ იგრძნობა რეალობა, უხეშად და ფართოდ თვალგახელილი რეალობა...
„ბრილიანტის მწვანე“
დღეს, როცა აშკარად გამოჩნდა, რომ არ არის ენისმოჩლექის, დაყვავების, თვალთმაქცობის დრო, როცა თვალსა და ხელს შუა დაკარგა ძალა ათასგვარმა პოლიტკორექტულმა ცნებამ და ტერმინმა, როცა კაცთმოძულეობის ზღვარზე დამდგარ სამყაროს თითქოს ვერც დაძრახავ, მსოფლიოს ბედის ბეწვის ხიდი მაინც იმ გოგონაზე გადის, თავის დასნეულებულ ქვეყანაში პროტესტის ნიშნად ბრილიანტის მწვანეთი, უხეშად ხელოვნური ფერით რომ იღებავდა თმას... დღეს ზნეობრივი მსოფლიოს გადარჩენის გასაღები სწორედ მის, მწვანეთმიანი მოსკოველი გოგონას, ხელშია, 50-60-წლიანი ბრძოლის შემდეგაც სამშობლოდან განდევნილი დაუღალავად რომ ამხელს საკუთარს, თავისს და ამ მხილების ფონზე ნერგავს არა რაღაცის ალტერნატივას, საპირწონეს, ნიშნისმოსაგებს, არამედ მთავარს, რომელიც თანაბრად მნიშვნელოვანია განვითარების მოსურნე ყველა ერისთვის!
დღეს ეს ორი ომი აქვს მოსაგები მსოფლიოს: ფიზიკური, იარაღით და სისხლით ომი და იმ თითზე ჩამოსათვლელი მწვანეთმიანი, უკვე ხანდაზმული გოგონების ომი, მილიონობით დადუმებული ადამიანის სათქმელს საკუთარ თავზე რომ იღებენ და ცრემლით რომ უხდიან ბოდიშს დანარჩენ სამყაროს, დიახ, დანარჩენ სამყაროს სრულად!
აქცენტით – „გამბედაობა“
ის საზარელი, მაგრამ დიდებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ყიფიანის ასე დაზიანებული ცხედარი ჩანს, თითოეული სამართლიანი სიტყვის, გამბედაობის ყოველი აქტის, სიმართლის პასუხია... და ამ ანგარიშსწორებას, უკვე მესამე საუკუნეა, უცვლელი ხასიათი აქვს.
სემინარი დიმიტრი ყიფიანს ეძღვნებოდა, ყველაფრის – „ერთგულების“ ყველა ფორმის, ყველა სახის დამსახურების მიუხედავად, დასახიჩრებულ, თავგაპობილ და ასე „გაუვნებელყოფილ“ დიმიტრი ყიფიანს!
აქცენტით – „გამბედაობა“, სკოლა სანთლით დაეძებს მყაყე დინებების შემჩნევის, დანახვის და, მით უფრო, იქიდან თავის დაღწევის მცდელობის მაგალითებს.
როგორ გავუძლოთ მშვიდობას –
ასე დაისვა სემინარზე შეკითხვა, ეს ცინიზმით სავსე შეკითხვა, თუ მის საპირწონედ თავისუფლება დგას. თავისუფლების კითხვის ნიშნები მნიშვნელობას აკარგვინებს ყველაფერს, მათ შორის თითქოს ყველაზე ჰუმანურ მოცემულობას – მშვიდობას!
ასე არასოდეს დაისმება შეკითხვა უკრაინაში და იმ დიდ, წარმოუდგენლად დიდ მსხვერპლზე ხაზგასმის უფლებაც სხვას არავის აქვს, როცა ასეთი ურყევია ქვეყნის სწორედ ეს არჩევანი!
ჩვენში კი ისევ ისმის ცინიზმით სავსე შეკითხვა მაშინ, როცა აქამდე თავისუფლებისთვის მსხვერპლისგან არასოდეს დაგვიზოგავს თავი...
ვაი, იმ ერს, ვისი არჩევანიც გასაძლები მშვიდობაა! ვაი, იმ ერს, ვინც თავისუფლებას, ნებისმიერი არგუმენტით, თუნდაც მკრთალ კითხვის ნიშანს უსვამს!
„სევდა-დერდები“
თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, 5-6 მაისი... ზვიად ბოლქვაძის სახასიათო ხმა „სევდა-დერდებით“ აკეთილშობილებს უხეშად და ფართოდ თვალგახელილ რეალობას. ირგვლივ ნოტიო სიმწვანე და დაგვიანებული გაზაფხულია, წელს მძიმედ, მისებური აფეთქების გარეშე, უყოჩივარდოდ რომ მოვიდა...
 
ესმა მანია
12 მაისი, 2022

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად