blog

გაცხადებულად თუ გაუცხადებლად ჩვენ, ყველა ადამიანი, ვეძებთ ბედნიერებას – ამ, ერთი შეხედვით, ასე გაცვეთილ, ასე გულგამოცლილ განცდას, მდგომარეობას... ათასი ეჭვით და კითხვის ნიშნით დატვირთულები ავუვლით, ჩავუვლით იმას, რაც სინამდვილეში ბედნიერებაა...
თელავის მოგზაურობიდან დაბრუნებულებმა ბედნიერებად გამოვიყოლეთ სხვა დროს, სხვა გარემოში, სხვა საზოგადოებაში თითქოს შეუმჩნეველი და ბანალური ნათელი წერტილები. ერთ-ერთმა სკოლელმა თელავში გადაღებულ თავის ფოტოს ასეთი რამ მიაწერა: „ბედნიერება არის აქ – თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა!“ „მეეჭვება, ბედნიერება მანდ იყოს, მაგრამ შენს ფოტოს ვასიყვარულებ“ – იყო დაეჭვებული მეგობრის პასუხი...
სინამდვილეში, სკოლა დაეჭვებული მეგობრებისთვისაა!
ის არის ღია კარი იმისთვის, რომ უბრალოდ და მარტივად, ბედნიერებად მივიღოთ თელავის მზე... მწვანე ბალახი... შემთხვევით გალავანთან დანახული დოკუმენტური ფილმის პერსონაჟი... პანაშვიდი წვერწათეთრებული კავკასიონის ფონზე... კახური ისტორიების ღირსეული აქცენტები... ნათელი წერტილები საგანგებოდ ჩვენთვის საპრემიეროდ ნაჩვენები ფილმის მრუმე ცხოვრებიდან... საუბარი აუსრულებლად გადადებული ოცნებების უსათუო ასრულებაზე... გზაც და ტრაპეზიც... და ჩვენ, ნათელი და მართალი ურთიერთობებით, აღქმით, განცდით...
სინამდვილეში, ასეთი მარტივი და ალალია ბედნიერება!
სკოლა კი ღია კარია მეგობრებისთვის, დაეჭვების მიუხედავად, მაინც რომ ასიყვარულებენ უკვე ნაპოვნ ბედნიერებას!
 
ესმა მანია
18.05.2022

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად