გუშინდელი დღესავით მახსოვს პირველი სემინარის შთაბეჭდილების წერის პროცესი
და ფურცელზე დატანილი ბედნიერებით გამსჭვალული სიტყვები: „წინ კიდევ მთელი
წელია!“ ახლა კი უკვე ბოლო სემინარის შთაბეჭდილებები...
როგორი ულმობელია დრო... უკანმოუხედავად, ამოუსუნთქავად, მხოლოდ წინ!
როგორი რთულია, რომ ერთ დღესაც ყველაფერი უნდა დასრულდეს, ჩვენი
სემინარებივით... როგორ ცდილობს ადამიანის გონება და მისი თითოეული უჯრედი,
ერთი წამით მეტად მაინც ჩაებღაუჭოს აწმყოს, მისთვის სასურველს...
ვიცი, მესმის, რომ სწორედ ამ სასრულობაშია მთელი ხიბლი და აზრი, უშუალოდ
აწმყოში ინტეგრაციაში, აქ და ახლა არის ჭეშმარიტი ბედნიერება, მაგრამ ვიქნები
გულწრფელი და ვიტყვი, როგორი რთულია იმ გაკვეთილის მიღება ბუნებისგან, რომ
ყველაფერი წარმავალია და ერთადერთი მუდმივი ამქვეყნად არის თავად ცვლილება...
მთავარია არა სიცოცხლის სიგრძე, არამედ სიღრმე!
რას ვამსგავსო სკოლა?
 „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. კაცის ძეს კი არ გააჩნია,
სად მიიდრიკოს თავი.“ სკოლა ჰგავს შემოქმედს, რომელიც კონკრეტულად არსად
და არავისშია, თუმცა ამავდროულად ყველგან და ყველა ჩვენგანშია. ერთხელ რომ
შეეხები და აღმოაჩენ, მთელი ცხოვრების გზა მისითაა გამსჭვალული;
 სკოლა ჰგავს სახარებისეულ იგავს ტალანტებზე. აუცილებელია მიღებული
სიკეთის რეპროდუქცია და ერთი ათად ქცევა. იყო სკოლელი, არის პრივილეგია და
ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. აუცილებელია ამის დაბეჯითებით და
გულმოდგინედ გააზრება;
 სკოლა ჰგავს „სივრცეს, სადაც გაბედულ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამ, სადაც
ფეხაკრეფით უნდა იარო“;
 სკოლა ჰგავს ბებიაქალს, რომელიც გეხმარება, დაბადო შენი უკეთესი, დიდი და
ჭეშმარიტი მე;
 სკოლა ჰგავს გამოღვიძების საუკეთესო საშუალებას. ყველა ადამიანი ღვთის
ხატად არის შექმნილი და, შესაბამისად, ღვთაებრივი ბუნების მატარებელია.
სინამდვილეში, ადამიანის ყველაზე დიდი შიში ისაა, რომ იმდენად ღრმაა,
საკუთარ თავში ჩახედვის და საკუთარი თავის აღმოჩენის ეშინია. ზოგჯერ
ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა სწორი შეკითხვების დასმა ისწავლოს;
 სკოლა ჰგავს მხნეობისა და გამბედაობის სამჭედლოს. სამოქალაქო გამბედაობისა
და გმირობის მაგალითად კი ყოველთვის სოკრატეს მაგალითი მახსენდება. ძველ
საბერძნეთში, როდესაც სოკრატეს ახალგაზრდობის გარყვნა და ცრუმორწმუნეობა
დასწამეს ბრალად, მან გაქცევის ნაცვლად, უსამართლო სასჯელი მშვიდად მიიღო
და შხამიანი ჰემლოკი დალია. ამით მან თავის მოსწავლეებს დაუტოვა საბოლოო
გაკვეთილი, რომ არასოდეს ვთქვათ უარი საკუთარ იდეალებსა და
ღირებულებებზე.
 სკოლა ჰგავს ყველასაგან მივიწყებულ ორდენს, რომელიც თანამედროვეობაში
ბევრი ღირებულების გაუბრალოების მიუხედავად, ჯიუტად ასწავლის მის
წევრებს სხვისი გათვალისწინების კულტურასა და მიძღვნის ხელოვნებას.
აუცილებელია იმის გააზრება, რომ დიდსა თუ პატარა საქმის წამოწყებისას, სჯობს
ხელი ან საერთოდ არ მოკიდო, ან თუ დაიწყებ კეთებას, ბოლომდე უნდა
დაიფერფლო! ესაა ჭეშმარიტი მიძღვნა...
და ისევ, რითაც დავიწყე, იმას გამოვეხმაურები:
“6 აგვისტო, ახლა ვბრუნდებით ყაზბეგიდან, ვზივარ ავტობუსში და მართლა მომდის
ცრემლები ბედნიერებისგან... როგორი მწარეა, რომ ერთ დღესაც წახვალ! მაგრამ ახლა,
ხომ აქ ვარ?!.. ეს ემოცია, ეს ტრაგედიით და დიდი ტკივილით სავსე რეალობა მაინც
ჩამძახის ყურში, რომ რამხელა განუზომელი ბედნიერებაა, რომ ახლა ცოცხალი ვარ, ვარ
აქ და ეს უნიკალური მომენტი არასოდეს განმეორდება... უზომოდ მადლიერი ვარ...
თუკი ესაა ჩანაფიქრი, ჩემო მიუწვდომელო, ბუნდოვანო უფალო, მზად ვარ მივიღო ეს
რეალობა შენი, დაე, იყოს ნება შენი... ალბათ ამისთვის ღირს! ალბათ ამიტომ ღირს! არ

ვიცი, რა იხარშება ჩემში, არ ვიცი, რატომ მემართება ეს, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი
სიცხადე ჩემთვის ახლა...”
ეს იყო პარადოქსი, ეს იყო მისტიკა... განუზომელი, ნატანჯი ბედნიერებითა და
ქაოტური სიმშვიდით სავსე ემოცია!

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად