blog

„შინ“ და „გარეთ“ მთავარი კონფრონტაციაა ჩვენს არსებაში, ფიქრში, ცხოვრებაში! სინამდვილეში, დიდი გადასახედით, ამ სამყაროში ყველაზე მეტი ძალისხმევა მათ შორის სხვაობის გაქრობისკენ არის მიმართული!
სწორედ „შინ“ და „გარეთ“ ცნებების გაქრობისთვის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა იბრძვის შინ და გარეთ! თითქმის მეოთხედი საუკუნეა, განსაკუთრებულ ძალისხმევას ატანს მთავარ საქმეს – სწორად მოაზროვნე ადამიანების ერთობით, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ, განვითარებულ, თანამედროვე ქვეყნად ქცევას! ამისთვის კი, როგორც სკოლის ფილოსოფია ადასტურებს, მთავარი არ არის კულმინაციები, ზედა ზღვრები, რევოლუციები, ამისთვის მთავარია პროცესის მნიშვნელობის გააზრება, ნორმალურობა და რუტინა – ყოველდღიური შრომა, ყოველდღიური ძალისხმევა, დიდი და პატარა საქმეების ერთნაირი ინტერესით კეთება.
...ჯერ კიდევ „გარე“ ერქვა ქალაქს, რომელსაც სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენი სკოლა სტუმრობდა და რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქად იწოდება... „გარე“ ერქვა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქვეყნის, ევროპის საბჭოს 41-ე წევრის, სახელმწიფოებრივი სიმბოლოები თითქმის მეოთხედი საუკუნეა, ევროპელი მასპინძლების ტოლად და სწორად მიიჩნევა. „გარე“ ერქვა იმის მიუხედავად, რომ ერთიანი ევროპის იდეის ერთ-ერთი შემოქმედის ¬ მიშელ მუსხელის (მუსხელიშვილი) სახელს ჩვენი სკოლა არასოდეს ივიწყებს!
ჩვენი სკოლა იმ დროიდან თან დაჰყვება ამ გზას, უღელტეხილებს, ქარტეხილებს, ძველ ინერციებს, ნანგრევებსა და ნარჩენებს შორის მიმავალ გზას... იმ დროიდან, რაც გაზაფხულის ერთ ქარიან, მაგრამ გამჭვირვალე დღეს საფრანგეთისა და გერმანიის დროშებს შორის ამაღლდა ჩვენი დროშაც, რაც მაშინ ჩვენი ქვეყნის საუკუნეების წინ დეტერმინირებული უმეგობრობის და მარტოობის დასასრულს ნიშნავდა.
ჩვენი სკოლის თითქმის ექვსი ათეული კურსდამთავრებული, მართალია, ჯერ ისევ „გარეთ“ ვიყავით, მაგრამ სულ სხვას ამბობდა ის ფილა ევროპის საბჭოს შენობის წინ, მემორიალურ სკვერში, ჩვენს არათუ ევროპულ არჩევანს, ჩვენს ევროპულ იდენტობას რომ ადასტურებდა, ნოტიო ყვითელი ფოთლები ქარგავდა ფილაზე ფრანგულენოვან წარწერას: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ევროპელი!“ ზურაბ ჟვანია დღესაც ცოცხალი სპიკერია სკოლაში!
დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის დახურვის დღეს, 8 ნოემბერს, ყველასთვის თავისებური მღელვარება ახლდა, მაგრამ ჩვენი სხვებისას არ ჰგავდა... სწორედ იმ დროს ევროპის პარლამენტის სხდომათა დარბაზში, როგორი სიმბოლური და გასახარია, რომ ჩვენი სკოლის ინიციატივით, დიდი ხნის შემდეგ სტრასბურგს ეწვია და ფორუმის დახურვის ნაწილში სიტყვით გამოდიოდა დიდი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სიტყვით გამოსვლას შვედ ახალგაზრდასთან კითხვა-პასუხის ფორმა ჰქონდა. მთელი მეოცე საუკუნე იყო ჩაქარგული ამ კითხვა-პასუხად ნათქვამ პოლ ელუარის თუ შარლ ბოდლერის ფრანგულ პოეზიაში, ტიპიურ და უნიკალურ ისტორიებში, ხსოვნისა და დავიწყების შუქ-ჩრდილებში, შეხვედრებისა და განშორებების ალუზიებში, მაგრამ მასში ვერ მოისმენდით ვერც ერთ ვერდიქტს, ვერც ერთ საბრალდებო სიტყვას, მას ესმოდა ყველა არჩევანის, ყველა გადაწყვეტილების... ყველას არჩევანის, ყველას გადაწყვეტილების! ალბათ ამიტომაც უკვე მერამდენედ აწყვეტინებდა სიტყვას აღფრთოვანებული დარბაზის აპლოდისმენტები...
ლანა ღოღობერიძე იჯდა ევროპის პარლამენტის დიდ ლურჯ-ნაცრისფერ დარბაზში და მისი მღელვარება არ ჰგავდა სხვებისას – ის, 1999 წლის გაზაფხულის იმ ქარიანი, მაგრამ გამჭვირვალე დღის ერთ-ერთი მომსწრე და შემოქმედი, ისევ იქ, პოლიტიკურ ევროპაში, ელოდა კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, დავებრუნებინეთ „შინ“!
და რადგან იქ, საითკენაც ვისწრაფვით, არ ეშინიათ კომპრომისების, დათმობების, დაშვებების, ავანსების, სადაც მისხალ-მისხალ არ ითვლიან შედეგებს, არამედ განწყობას და სურვილს აფასებენ, იმ 8 ნოემბერს, ცივი სტრასბურგის იმ მზიან დღეს, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიეთ შინისკენ.
მერე მოვიდა ჩვენთან, ჩვენს სკოლასთან, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ქალბატონი, მოვიდა მოსალაცად და დასაიმედებლად ევროპული სიმშვიდით და ზომიერებით, მის გამოხედვაში ჩანდა, რომ მისი სიმპატიები ჩვენი ქვეყნის მიმართ ბევრად აღემატება ანგარიშგების სტატისტიკურ მონაცემებს...
მერე ჩვენც ვიარეთ შერიგების, ბოდიშის მოხდის გამოცდილების მქონე ამ დამშვიდებულ ქუჩებში და გვსურდა, გვსმენოდა სხვების ხმების, სხვების სურვილების... გვსურდა, არ გაგვკვირვებოდა, რომ აქ არაფერია შერჩევითი, არავინაა პრივილეგირებული, არავინ, საერთოდ არავინ... დავდიოდით ნარინჯისფერ, ნოტიო ქუჩებში და სიხარულით მოდიოდა ფიქრი იმაზე, რომ ჩვენი სკოლა დიდი ხანია, გაცდა ერთი სტანდარტული პროექტის ფარგლებს და თავისი განუმეორებელი ხელწერით, რომელსაც იქ ყველა ამჩნევს და აღნიშნავს, ჩვენი ევროპული იდენტობის ერთგვარ დიდ მაგალითად იქცა.
უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა, ამ გზას თავისი საგზლით ეხიდება სკოლა! ამ საგზალში ჩვენი ძველი, თანდაყოლილიც არის, ეთნიკურიც, ეროვნულიც, მრავალკულტურულიც, მრავალეროვნულიც, ანალიტიკურიც და სახეობრივიც, რაციონალურიც და აბსტრაქტულიც... ზოგჯერ სიმღერით დააქვს ეს საგზალი სკოლას, ზოგჯერ ფერით, ზოგჯერ ლირიკით, ზოგჯერ მკაცრი ლოგიკური სიმეტრიებით, ზოგჯერ არტეფაქტებით, ზოგჯერ ნარატივებით, და ასე, ამ გზით აქრობს განსხვავებას ჩვენს არსებაში, ფიქრში, ცხოვრებაში ყველაზე პრობლემურ ცნებებს შორის – „შინ“ და „გარეთ“, რადგან სინამდვილეში ვართ ქართველები, ე. ი., ევროპელები! ვართ შუაგულ ევროპაში და ვრჩებით აქ, „შინ“!
ესმა მანია
დემეტრე გრიგალაშვილის ფოტოები
14 ნოემბერი, 2023

სკოლის შესახებ

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, დაარსდა 1999 წელს. ვრცლად